„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მცხეთაში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

19/10/2017

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ლევან ზაუტაშვილთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.
საწარმოს შექმნა „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებშია დაფინანსებული. ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 700 000 აშშ დოლარია, საიდანაც სახელმწიფო დაფინანსება 250 000, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 500 000 დოლარს შეადგენს.
კომპანია აწარმოებს 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს წელიწადში. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეული. პროდუქცია საექსპორტო ბაზარზეა გათვლილი. ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში. საწარმოში 58 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი FSSC 22:000.
სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. „ერთიანი აგროპროექტი“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 165 ახალი და 750-ზე მეტი მოქმედი საწარმო. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შეიქმნა და გადაიარაღდა / გაფართოვდა 18 საწარმო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0