ეს არჩევნები გახლავთ ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება

21/10/2017

მეგობრებო, ჩემო თანამემამულენო, თანამებრძოლებო, მოგესალმებით!
პირველ რიგში, მინდა მთელს საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.
ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წლიდან, საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ „ქართულმა ოცნების“ პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან, კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. ასევე დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა, ყველას მოგილოცოთ.
ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება!
ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.
დღეს ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა მხარდაჭერისთვის, ნდობის ასეთი მაღალი ხარისხისთვის. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი, მთელს ძალისხმევას სწორედ ამ ნდობის განსამტკიცებლად მიმართავს.
მადლობას ვუხდით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. ეს არჩევნები გახლავთ ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან დიდ გამარჯვებას!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0