თამარ ხულორდავა ფინეთის მთავრობის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

30/09/2017

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, რიგაში პრემიერმინისტრის მრჩეველთან, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ფინეთის მთავრობის სახელმწიფო მდივანთან, სამული ვირტანენთან.
შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენლებმა, მადლობა გადაუხადეს ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ფინეთია ქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.
მხარეებმა შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. თამარ ხულორდავამ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე, შეეხო ვიზის ლიბერალიზაციის შედეგებსა და პრაქტიკულ მხარეებს.
სამული ვირტანენი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიციით დაინტერესდა.
ფინეთის პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ღირებულია საქართველოსთვის. სახელმწიფო მდივანმა სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებების დაფიქსირებაში ფინეთის მყარი მხარდაჭერა აღუთქვა.
„ფინეთთან ორმხრივი თანამშრომლობა ყველა დონეზე ვითარდება. გააქტიურებულია ეკონომიკური კავშირებიც. შექმნილია მეგობრობის ჯგუფები საქართველოსა და ფინეთის პარლამენტებში, რაც ასევე შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას”, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ფინეთის მთავრობის სახელმწიფო მდივანი სამული ვირტანენი საქართველოს ნოემბერში ეწვევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0