თბილისობის დღესასწაულზე სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა

08/10/2017

თბილისობის დღესასწაულზე საქართველოსა და გერმანიის სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულზე გამართულ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი და გერმანიის სახმელეთო ჯარების ორკესტრების ერთობლივ კონცერტს დაესწრო. ევროპის მოედანზე, სადაც, „თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების ოფიციალური პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდნენ. კონცერტი გერმანელი სამხედრო მუსიკოსების მარშით დაიწყო, შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. ქართველმა და გერმანელმა კოლეგებმა საორკესტრო და ჯაზ-კომპოზიციები მონაცვლეობით შეასრულეს. ღონისძიების კულმინაცია კი, მათ მიერ რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ ერთობლივი შესრულება იყო; რის შემდეგაც, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და თბილისის მერი სცენაზე ავიდნენ და ორკესტრების წევრებს წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიის სამხედრო ორკესტრების ერთობლივი კონცერტის ორგანიზება სიმბოლურია, რადგან წელს საქართველოს სამხედრო ორკესტრს 25 წელი შეუსრულდა და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი აღინიშნება. მან საქართველო-გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და გერმანელი სამხედრო მუსიკოსების თბილისობის ღონისძიებაში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს თბილისობა კიდევ ერთხელ მიულოცა. ქართველი და გერმანელი სამხედრო მუსიკოსების კონცერტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე, ასევე თბილისობაზე მოსული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ. მოგვიანებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მეტეხის ხიდზე გამართული ავტომობილების გამოფენა დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0