კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი გაიხსნა

10/12/2017

კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კურორტ გოდერძზე სეზონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას კურორტ “გოდერძის“ სეზონის გახსნა მიულოცა და კურორტზე 4 ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყება დააანონსა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის რეგიონი არის 12 თვის დასასვენებლი ადგილი. გოდერძი კი ძალიან მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. ასევე ზურაბ პატარაძემ დააანონსა ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა. ,,ჩვენს მოსახლეობას სამთო სათხილამურო კურორტის სეზონის გახსნას ვულოცავ. წლევანდელი სეზონი შარშანდელ სეზონთან შედარებით უფრო პომპეზურია, უფრო მეტი სტუმარია ამოსული მთაში. და რაც მთავარია, უფრო მეტი პერსპექტივებია განვითარების. გოდერძი იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. დავანგრიეთ სტერეოტიპი რომ აჭარაში კარგია დასვენება მხოლოდ ზაფხულში,ზღვაზე და დავმყკიცეთ, რომ ჩვენი მთის ბუნება არის არაჩვეუებრივი და ოთხივე სეზონზე არის შესაძლებელი აჭარაში დასვენება. გოდერძის უღელტეხილზე გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ხელი მოეწერა კიდევ 4 ახალი სასტუმროს მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის. რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე დამუშავების სტადიაშია და ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ ახალ ინვესტორებს. ჯამში, 10-ზე მეტი სასტუმრო კომპლექსი ამ ეტაპზე სენდება უკვე გოდერძზე. ფაქტობრივად დასრულებულია შიდა პერიმეტრის მოწყობა. დასრულებულია შიდა გზების, გარე განათების მოწყობაც. ასევე, გოდერძის უერელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის მოწყობა ჩვენი უპირველესი პრეროგატივა და დაინტერესებაა და ამ მიმართულებით 2018 წელს გვექნება მნიშვნელოვანი შედეგები“-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილი და ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. გახსნის ცერემონიას კურორტ გოდერძზე ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები. ზურაბ პატარაძემ სტუმრებთან ერთად საბავშვო სათხილამურო მოედნის მოწყობის და კურორტზე მშენებარე ობიექტების სამუშაოებიც დაათვალიერა. კურორტის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობები მიმდინარეობს. კურორტზე ორი დიდი საბაგიროა, გონდოლას და ბაბლის ტიპის, 2017/18 წლის სეზონზე კი კურორტს ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი საჩოჩიალო შეემატა, მოეწყო საბავშვო არეალი. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე კი – ზღვის დონიდან 2366 მეტრი. კურორტის განვითარების ფარგლებში 1761 მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს. კურორტ გოდერძის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტზე ამ ეტაპზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0