პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III” ფარგლებში გურიის გუბერნიაში შეხვედრა გამართა

12/12/2017

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III” ფარგლებში, გურიის გუბერნიაში, რიგით მეორე რეგიონალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა რეგიონის ხელმძღვანელობის ინფორმირებას საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად გურიის რეგიონში, არსებული სახიფათო ნარჩენების (ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ რეგიონში არსებული მდგომარეობა, სტატისტიკური მონაცემები, სახიფათო ნარჩენებით გამოწვეული საფრთხეები და პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები. ასევე, განიხილულ იქნა ქლორით გამოწვეული საფრთხეები (მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტები), მისი უტილიზაციის მეთოდები და უსაფრთხოების ზომები, სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის სავარაუდო გზები, სახელმწიფოს როლი, პრევენციული ზომები და სხვა. გარდა ამისა, განიხილეს შესაბამისი ინსტრუქციები შემდგომში რეაგირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებზე ყველა საეჭვო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ასევე, სკოლის ლაბორატორიებში არსებული აღურიცხავი ვადაგასული/უვარგისი და ხმარებიდან ამოღებული ქიმიკატების და მათგან გამოწვეული საფრთხეები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ პროექტის ფარგლებში გამოცემული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმები, სახიფათო ნარჩენების მართვის სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ბროშურები, ფლაერები, რეაგირების საკომუნიკაციო სქემები და რეკომენდაციები.
„დავასუფთაოთ საქართველო – ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0