საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის სხდომა გაიმართა

01/12/2017

სასტუმრო „თბილისი რუმს“-ში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე გამგეობის ახალი წევრი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე წარადგინეს. გამგეობის წევრების განმარტებით, დავით საგანელიძის მათ რიგებში შემოერთება საარბიტრაჟო ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და ბიზნეს-წრეების მხრიდან ინტერესის გაზრდას შეუწყობს ხელს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გამგეობა ორგანიზაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა, რომელიც ამ ეტაპზე 5 ძირითადი წევრისგან შედგება. გამგეობის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები და იურისტები არიან. ამ ეტაპზე GIAC-ის გამგეობის წევრები არიან: ნინო ჩიქოვანი – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი (გამგეობის თავმჯდომარე, ზვიად კორძაძე – „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ პარტნიორი და იურიდიულ ფირმათა ასოციაციის თავმჯდომარე, ეფრემ ურუმაშვილი – „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ პარტნიორი, ჯემალ ინაიშვილი – აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი, ეკა გიგაური- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, გამგეობას ჰყავს საპატიო წევრი იას ბანიფატემი – იურიდიული ფირმა Shearman & Sterling-ის პარიზის ოფისის პარტნიორი.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისი საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები არის შემუშავებული არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ და აერთიანებს ახლა ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და საუკეთესოდ დაცდილ დებულებებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მხარეთა მოთხოვნებს. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ენა და ქვეყანა იქნას არჩეული დავების განსახილველად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სტრუქტურული ორგანოებია გამგეობა, საარბიტრაჟო საბჭო და სამდივნო. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით ზუსტად განსაზღვრული საკითხების შესახებ და მონაწილეობას არ იღებს დავის გადაწყვეტის პროცესში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0