საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა

24/05/2017

პრაღაში, საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩეხეთის რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ.
კომიტეტის თავმჯდომარეებმა კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ორმხრივ ვაჭრობაში არსებულ მდგომარეობაზე. ამასთან, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები ისეთი სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი და რეგიონალური თანამშრომლობა, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესს და ჩეხურმა მხარემ აღნიშნულ პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
ჩეხური მხარე მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭებას. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს, როგორც აქტიურ მონაწილეს ევროკავშირის დახმარების პროექტებში.
სხდომის დასასრულს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხელი მოეწერა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-3 სხდომის ოქმს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0