„ქართული ოცნება“ მშვიდობის მემორანდუმს მიმდინარე კვირას გაასაჯაროებს

19/09/2016

საარჩევნოდ პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის სამუშაო ვარიანტი ”ქართულ ოცნებას” მზად აქვს, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობა, მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, მემორანდუმის ხელმოწერის თაობაზე პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსლტაციები მიმდინარეობს, რაც მიმდინარე კვირას უნდა დასრულდეს. კობახიძის განმარტებით, მემორანდუმში დასმულ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის, რომ იქ, სადაც ერთი საარჩევნო სუბიექტის აგიტაცია მიმდინარეობს, სხვა პარტიის წარმომადგენლები არ უნდა მოვიდნენ. კობახიძის აზრით, ასეთ შემთხვევაში პროვოკაციების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება. მან იმედი გამოთქვა, რომ პარტიები ”ქართული ოცნების” შეთავაზებას შეუერთდებიან და მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

”მემორანდუმის გაფორმების ინიციატივით ჩვენი ლიდერი გამოვიდა, რადგან პირდაპირ ვართ დაინტერესებული, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მემორანდუმის გაფორმება. მთავარი მიზანია ძალადობის პრევენცია. ძალადობის პროვoცირების მთავარი ინსტრუმენტია კონტრაქციები. აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ყველა საარჩევნო სუბიექტმა აიღოს შესაბამისი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონტაქციები არ შედგება. ჩვენ არაფერი გვესაქმება იქ, სადაც აგიტაციას სხვა ატარებს. ჩვენი ამოცანაა დისტანცირება სხვისი აგიტაციისგან. იმედი გვაქვს, რომ სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც ანალოგიურ მიდგომას დააფიქსირებენ. მემორანდუმთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და დღეს თუ არა, ხვალ გვექნება საშუალება იმისა, რომ საჯაროდ წარმოგიდგინოთ მემორანდუმის მეტ-ნაკლებად შეჯერებული ტექსტი”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” შეთავაზებას სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტისგან სხვადასხვა სახის გამოხმაურება აქვს, რომელიც არის როგორც პოზიტიური, ასევე – ნეგატიური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0