ყველა ჩვენგანისთვის იქნება წარმატების წელი და მინდა ამ წარმატებაში ყველამ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ

01/01/2018

„მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს დედაქალაქს, მივესალმები სრულიად საქართველოს, მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, მივესალმები ჩვენს ემიგრანტებს უცხოეთში. მინდა ყველას მივულოცო ახალი 2018 წელი. მე დღეს მარტო არ მოვსულვარ, ჩემთან ერთად იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ჩვენს სამსახურში. რასაკვირველია, მზად ვართ მომდევნო წლების განმავლობაში ასევე ყოველდღიურ რეჟიმში გემსახუროთ თქვენ.

მინდა პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. გისურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს. მე მჯერა, რომ 2018 წელი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, ყველა ჩვენგანისთვის იქნება წარმატების წელი და მინდა ამ წარმატებაში ყველამ ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მოვახერხებთ და ჩვენი ქვეყანა იქნება მართლაც გაბრწყინებული და ერთ-ერთი საუკეთესო.

ძალიან მიხარია, რასაც აქ ვხედავ, რაც ხდება ჩვენს დედაქალაქში. შემიძლია აბსოლუტურად გულწრფელად ვთქვა, რომ ნამდვილად სახალხო დღესასწაულია, ძალიან ბევრი ადამიანია საზეიმოდ გამოსული. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს ერთად დგომა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის 2018 წელს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0