DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე გურიაში იმსჯელეს

23/06/2017

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, დღეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის თემაზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტი, DCFTA -ს საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ლაშა ინაური ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე: „დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში მეწარმეებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ჩვენ მათ გავაცანით DCFTA-ით აღებული ვალდებულებები და ის სარგებელი, რომელიც ამ შეთანხმებას ევროკავშირთან მოაქვს. ასევე, განვიხილეთ გამოწვევები და ის პრობლემები, რომლებსაც მეწარმეები სხვადასხვა მიმართულებით აწყდებიან“.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე: „გურიაში მეწარმეებს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ მათ განვუმარტეთ სახელმწიფოს როლი და საქმიანობა ამ საქმეში, როგორც საკანონმდებლო რეფორმების, ისე კონკრეტული მიზნობრივი პროგრამების კუთხით, რომლებიც ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. შეხვედრაზე დაისვა არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, რომ სწორედ მსგავსი ტიპის შეხვედრების დროს ხდება პრობლემების იდენტიფიკაცია, რაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს გვეხმარება დავგეგმოთ და განვახორციელოთ შესაბამისი პოლიტიკა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე: „ამომწურავი პასუხები გაეცა დღეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ფერმერებს ჰქოდათ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული გახლდათ ამ პროგრამის განხორცილებაში“.
მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატიურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში.
2017 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა ორი რეგიონალური შეხვედრა შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0