ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტზე მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით, რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გამართა.
კომიტეტის წევრთან, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად დღეს კანონპროექტის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა და შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა.
სამუშაო შეხვედრები კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის შენიშვნებისა და მოსაზრებების შესაჯერებლად იმართება. დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა გაგრძელდა მძიმე, მავნე, საშიში და განსაკუთრებული რისკის შემცველი შრომის პირობების ნუსხასთან დაკავშირებით.
გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონის მოქმედება უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ნუსხით წარმოდგენილ სამუშაოების ჩამონათვალზე, არამედ ყველა დასაქმებულზე, ხოლო ნუსხის შემთხვევაში, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ნუსხის დამტკიცება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან შეთანხმებით.

Visited 127 times, 1 visit(s) today