11 ნოემბერი ისტორიული მოღვაწისა და საეკლესიო აღმშენებლის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო წირვის შემდეგ კულტურული ღონისძიება მოეწყო, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და „ერისიონთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მომავალი“.
სახალხო დღესასწაულზე ჩასულ სტუმრებს ადგილობრივი ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.
ზარზმობის დღესასწაული მოსახლეობას ახალციხისა ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კომაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ მიულოცა.