აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარია დამუშავებული

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელოს, გურიის რეგიონებსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგოდ 15 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი უკვე დაამუშავეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, ქიმიური წამლობა მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება და ვადები ზედმიწევნით არის დაცული.
„წამლობის თარიღი და მავნებლის გავრცელების არეალი ფართომასშტაბიანი მონიტორინგის შედეგად განისაზღვრა. ქიმიური წამლობის ვადა მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით დაიგეგმა. მიუხედავად უხვი ნალექებისა სამუშაოები აქტიურად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მობილიზებულნი არიან რათა ღონისძიებები ეფექტიანად ჩატარდეს და მავნებლის მიერ გამოწვეული ზარალის ოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს“, – განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
ქიმიური წამლობა ტარდება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში. მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.
შესაწამლი ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტისა (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ფერმერებისთვის აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა.

Visited 115 times, 1 visit(s) today