ამერიკელ სენატორებს JTEC -ში ლევან იზორიამ უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკელ სენატორებს JTEC -ში ლევან იზორიამ უმასპინძლა საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატორების დელეგაცია დღეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია. აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ჯონ მაკკეინს, სენატორ ემი კლობუჩარს და სენატორ ლინდსი გრემს „კრწანისში“ მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. ოფიციალური ცერემონიის დასაწყისში, ჯონ მაკკეინმა საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი სენატორები ქართველ სამხედროებს წარუდგინა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენი ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ ერთხელ უსმავს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივ მეგობრობასა და პარტნიორობას. ჩვენმა მეგობრობამ უამრავ გამოცდას გაუძლო. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ეკლიან გზაზე, ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევისა და პოლიტიკური ქარტეხილის დროს მუდამ ვგრძნობდით თქვენს უპირობო მხარდაჭერას. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელზე მეტი გავიდა, თუმცა რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება და ჩვენი ქვეყანა ისევ დგას რუსული ოკუპაციის საფრთხის წინაშე. დღეს, როდესაც საქართველო კვლავ დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, თქვენ რჩებით დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების ერთგული. უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთსულოვნება და თანადგომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სამაგალითო პარტნიორობის გათვალისწინებით ქართველ ხალხს თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. მე როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ძალისხმევას არ დავიშურებ ჩვენი მეგობრობის გასაღრმავებლად. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით კრწანისში არსებულ ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის ხელშეწყობით საქართველო წარმატებით განაგრძობს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მწამს რომ საქართველო ყოველთვის იქნება დემოკრატიული ფასეულობების ერთგული და აშშ-სთან ერთად წვლილს შეიტანს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების საქმეში“, – განაცხადა ლევან იზორიამ. ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი, – ამის შესახებ ქართველ სამხედროებს და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს სენატორმა ჯონ მაკკეინმა განუცხადა. სენატორმა მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ს ორპარტიული დელეგაცია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ გამოხატოს მხარდაჭერა ქართველი სამხედროებისა და ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ავღანეთში ამერიკელებთან ერთად მსახურობენ. „ისინი იცავენ ამერიკელი ხალხის თავისუფლებას, ისევე, როგორც ქართველი ხალხის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სამყარო უფრო საშიში გახადა. ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, მთლიანი და დამოუკიდებელი. ჩვენი ლიდერი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ მშვიდობა არის სიძლიერე. თქვენ წარმოადგენთ რონალდ რეიგანის ამ სიტყვების მემკვიდრეობას რაც მან განაცხადა და ეს იქნება შეტყობინება რუსეთისთვის. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ორი ქვეყნის დემოკრატია გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობაზე და ღირებულებებზე“, – განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ბოლოს, ჯონ მაკკეინმა სამი ქართველი სამხედრო, ლეიტენანტი აკაკი შუბითიძე, უმცროსი სერჟანტი მიხეილ მიდოდაშვილი და კაპრალი გიორგი თუშიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ვიცე-პოლკოვნიკ ვინსენტ გარსიას, ვიცე-პოლკოვნიკ ბილ ო’კონერის და მასტერ-სერჟანტ რობერტ სოუდერს მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადასცა.

Visited 143 times, 1 visit(s) today