ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა:
“არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში წარიმართება. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზია ცდილობენ, ხელოვნურად შექმნან აგრესიული ფონი, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა ჩვენ ამას მივეჩვიეთ ჯერ კიდევ პირველი ტურიდან და ასევე წინა არჩევნებიდან. ვიცით, რომ მათთვის ეს ძალიან რთულია, თუმცა ფორმალურად მაინც მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ. ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა. როგორც ჩანს, ამ აგრესიული ფონის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი არის იმ კანონდარღვევების გადაფარვა, რომელსაც სჩადიან და ახორციელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. ჩვენ გვინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ რუსთავში გამოვლენილ კანონდარღვევებზე, რომელსაც უკვე პრაქტიკულად სისტემური ხასიათი აქვს. კერძოდ, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები, ჩამოგითვლით სახელებს და გვარებს – მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თულაშვილი, ეთერ მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე , გიორგი კელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე, ქსენია თავგორაშვილი – ხედავთ, რომ სისტემურია რეალურად ეს მოვლენა, ისინი ეგრეთ წოდებული ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არც მეტი, არც ნაკლები, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ უკვე მივაწოდეთ ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვუწოდებთ ამ ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს გამოტანილი აქვთ ცარიელი ბიულეტენები საარჩევნო უბნებიდან, ასეთი არის აქამდე არსებული ინფორმაციით, სოფელ კუმისის 57-ე უბანი, ასევე, სოფელ მჭადიჯვარის უბანი დუშეთში, რათა გააკეთონ პროვოკაციული განცხადებები ე.წ. კარუსელების შესახებ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის მცდელობა, ხელოვნურად შეიქმნას აგრესიული ფონი. ეს არის დაბალი კულტურის და დაბალი პასუხისმგებლობის გამოვლინება, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ „ნაციონალური მოძრაობისგან“. მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობას“ და „რუსთავი 2-ს“, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და აგრესიული ფონის ხელოვნურად შექმნისგან. მიეცით ამომრჩეველს საკუთარი ნების მშვიდად დაფიქსირების შესაძლებლობა. 10 საათის მონაცემებით, აქტივობა არის ძალიან მაღალი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრად მაღალი, ვიდრე ეს იყო პირველი ტურის შემთხვევაში. ჩვენ მადლობას ვუხდით ამომრჩეველს მაღალი აქტივობისთვის. მაღალი აქტივობის ხარჯზე, ჩვენ შევძლებთ საკადრისი პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს, აგრესიას და ძალადობას, რომელიც მოედინება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, მოედინებოდა წლების განმავლობაში და, სამწუხაროდ, მოედინება დღესაც „რუსთავი 2-ის“ მეშვეობით და მათი აქტივისტების მხრიდან”.
ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს რუსთავში ორმაგი მარკირებით ხმის მიცემის შემთხვევებთან დაკავშირებით და აფრთხილებს მათ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული:
“როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეაშინა ჩვენს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რუსთავში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იქ გამოვლინდა სისტემური მცდელობა გაყალბების, კერძოდ, ჩვენ ავღნიშნეთ, რომ 7 პირი ცდილობდა ე.წ. ორმაგი მარკირებით მიეცათ ხმა საარჩევნო უბნებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ სახელებს და გვარებს, ესენი იყვნენ: მერაბ კოჭლამაზიშვილი, ოთარ თურაშვილი, ეთერი მგელაძე, ირაკლი ჩინჩალაძე, გიორგი გელენჯერიძე, მანანა ჩიტაძე და ქსენია თავგორაშვილი. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე სახელი და გვარი, ასევე, რუსთავიდან მანანა ჩიტაძე, რომელიც ასევე ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას და ნინო ცერცვაძე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც ცდილობდა ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას, დანიელ თუნგია, ისიც „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც ასევე ორმაგი მარკირებით ხმის მიცემას ცდილობდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავში მოქმედ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს. მივმართავ მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, თქვენ გიბიძგებენ თქვენი ლიდერები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ. ეს არის დანაშაული, დანაშაულს ექნება, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით, აქედან გამომდინარე, ყველას ვაფრთხილებთ, რომ მათ თავი უნდა შეიკავონ ასეთი ქმედებისგან, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისგან. ხედავთ, რომ ათზე მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა რუსთავში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქ საქმე გვაქვს ჩვენ სისტემურ დანაშაულთან. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს არა მხოლოდ ამ პირთა მიმართ, არამედ იმ პირთა მიმართ, რომლებიც დგანან სქემის სათავეში და რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. ეს არის საარჩევნო ხმის მოპარვა, უმძიმესი დანაშაული, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება. კიდევ ერთი ინფორმაცია სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობას“. ლაგოდეხში, მე-15 უბანში, „ნაცმოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კომისიაში მიიღო დავალება ბიულეტენების მოპარვის თაობაზე, ანუ მას მოსთხოვეს ბიულეტენების მოპარვა. ეს იყო მე-15 უბანი. ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ აქვს მცდელობა, გააკეთოს ის ოპოზიციის რანგში, რასაც აკეთებდა, თავის დროზე, 2012 წლის ჩათვლით და უფრო ადრე, როცა ის იყო ხელისუფლებაში. გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას გაყალბებით. ბუნებრივია, ამ მასშტაბის გაყალბების თავი მათ დღეს არ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა, საკუთარი რესურსების ფარგლებში, ყველა ზომა მიიღონ, რათა შეეცადონ არჩევნების გაყალბებას. მათ ამის შანსი არ აქვთ. ჩვენ ვნახეთ შეშინებული სახეები „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების, როდესაც ისინი საუბრობდნენ ამ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ ამ სქემას ექნება აუცილებლად უმკაცრესი რეაგირება და გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ სქემის სათავეში დგანან. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ასევე მოვუწოდებთ, რა თქმა უნდა, დამკვირვებლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება ამ ძალიან მძიმე სამართალდარღვევაზე”.