“ჟენევის ფორმატი გახლავთ უნიკალური ფორმატი, სადაც ჩვენ საშუალება გვეძლევა ძირითად საერთაშორისო აქტორებთან ერთად, ისეთი როგორიც არის გაერო, ეუთო, ევროკავშირი, აშშ, მუდმივად გავამახვილოთ ყურადღება ამ ფორმატის ერთ-ერთი მონაწილის მიერ, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც შეიძლება მაღალ დონეზე დადგეს კონფლიქტის გადაწყვეტის და რუსეთის მიერ ვალდებულების შესრულება, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია და ჯარების გაყვანის საკითხი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისიის შექმნაზე.
დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი შეაფასა. “მიუხედავად იმისა, რომ ფორმატის სამ ძირითად მიმართულებაზე არ არის ხელშესახები პროგრესი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ვისაუბროთ არა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის, რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე. ასევე ჟენევაში ხელშესახები შედეგის მიღწევა შესაძლებელია საერთაშორისო დღის წესრიგში თემის მაღალ დონეზე აწევითაც”.