საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.
მიხეილ ჯანელიძე, ღონისძიებაზე მოწვეულ სხვა სტუმრებთან ერთად აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების პირველად შედეგებს გაეცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა საქართველო გულშემატკივრობს ამერიკელი ხალხის არჩევანს და საქართველოს აქვს ამერიკის ორივე პარტიის ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს.
„ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 2017 წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელს. ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ემყარებოდა ურთიერთ ინტერესების გათვალისწინებას და ურთიერთ სარგებლიანობას“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზი გაუსვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა. იან კელის განცხადებით ის, რაც არ შეიცვლება, ეს არის ძლიერი ურთიერთობა საქართველოსთან.
„ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ ”რესპუბლიკელები” თუ ”დემოკრატები”. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთრებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად” – განაცხადა ამერიკის ელჩმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.