განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მყოფი მინისტრების გვარებს ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში; დღეს ამაზე საუბარი ჩემი მხრიდან, ვფიქრობ, არაკორექტული და არაეთიკური იქნება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელი მინისტრი დარჩება მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პარლამენტში წარდგება განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში მედია და მათი მეშვეობით საზოგადოება შეიტყობს განახლებული კაბინეტის შესახებ.
“ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა ზოგიერთი მინისტრი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მათი ნაწილი მივლინებაში ან შვებულებაშია.