ახალგაზრდების განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ფორუმს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი დაესწრო.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Visio” საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობით შედგა. ფორუმის ფარგლებში ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების გამოფენაც გაიმართა.
რეგიონის ახალგაზრდული ფორუმის მიზნებია: რეგიონის დონეზე ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და დიალოგის ხელშეწყობა, უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.
ფორუმზე ახალგაზრდულ პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ. ფორუმს ესწრებოდა „ახალგაზრდული სააგენტოს“ ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი, რომელმაც ღონისძიების სტუმრებს ეროვნულ დონეზე ახალგაზრდული სფეროს ძირითად პრიორიტეტები გააცნო, მან ასევე ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიღწევებს ამ მიმართულებით. არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაციით წარსდგა ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი World Vision საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი გიორბელიძე, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის მიღწევები და სამომავლო გეგმები ფორუმის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ გააცნო.ახალგაზრდულ ფორუმზე პრეზენტაციით ასევე წარსდგა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ზაზაძე. მან ახალგაზრდობასთან მუშაობის პრინციპების და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამების შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტის, რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ