დარწმუნებული ვარ, მინისტრი გამონახავს გზას, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის დარღვევის განცდა არავის შეექმნას, – ამის შესახებ ვლადიმერ პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ძალიან საქმიანი და მან სიტუაციის გამოსწორებისთვის დავალება შესაბამის უწყებას მისცა. გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მისთვის საყვედურის შემცველი არ ყოფილა.
“თუ ვიმსახურებ საყვედურს, კი ბატონო, მე ამასთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ამჟამად მთავარია მშვიდობიანად გადაწყდეს ის, რაც უნივერსიტეტში დაიწყო. დღეს ჩვენ ყველა ვნერვიულობთ. ხვალ დავმშვიდდებით და უკეთესად გავაანალიზებთ ყველაფერს. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან საქმიანი, რომ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გადავჭრათ”, – განაცხადა პაპავამ.