ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი საზეიმოდ გაიხსნა

ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი საზეიმოდ გაიხსნა. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შეკრებილ კინოფესტივალის სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სიტყვით მიესალმა:
,,სასიხარულოა, რომ წელს ბათუმი საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს მეთორმეტედ მასპინძლობს. საერთაშორისო დონეზე სახელის დასამკვიდრებლად ეს არ არის დიდი დრო, თუმცა ბათუმის კინოფესტივალმა შეძლო როგორც თავის დამკვიდრება, ისე საავტორო კინოს მიმართულებით საერთაშორისო პოპულარობის მოპოვებაც. ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ჩვენი რეგიონისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და კოლორიტული ფესტივალია. იგი ხელს უწყობს ჩვენი ქალაქის ცნობადობის გაზრდას და რეგიონში დამატებით ტურისტების მოზიდვას. ფესტივალის შექმნისა და პოპულარიზაციის საქმეში საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან დიდი ძალისხმევასაა ჩადებული. მინდა მადლობა გადავუხადოთ მათ და ფესტივალს კიდევ უფრო მეტი წარმატება და წინსვლა ვუსურვო მომავალში!”
გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მიწვეული ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზით დააჯილდოეს. შესრულდა კომპოზიტორის მუსიკალური ნაწარმოებები.
სპეციალური პრიზი სამსახიობო ოსტატობისთვის ქართველ მსახიობს, ვახტანგ კიკაბიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა, მიულოცა და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
ფესტივალის პირველი დღე გიორგი ოვაშვილის ფილმ „ხიბულას“ ჩვენებით დასრულდა.
BIAFF კინოფესტივალზე წარმოდგენილია დაახლოებით, 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.
ბათუმში საავტორო ფილმების ჩვენება 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Visited 152 times, 1 visit(s) today