ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე პირველ საკითხად პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას განიხილავენ. დღესვე გაიმართება კენჭისყრა მთავრობისთვის ნდობის გამოსხადებასთან დაკავშირებით. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტების დასკვნები უკვე გადმოეცა ბიუროს. რაც შეეხება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას და კომისიის კვოტებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კონსულტაციები გაიმართა და უმრავლესობა და ოპოზიცია ამ კომისიაში თანაბრად იქნება წარმოდგენილი, როგორც ეს პარლამენტის რეგლამენტითაა გათვალისწინებული. ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა და თითოეულზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ბიუროს სხდომის დამთავრებისთანავე ბიუროს შემადგნენლობამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად.