პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე სასესიო კვირაში, კანონმდებლები 40-მდე კანონპროექტზე იმსჯელებენ და სარატიფიკაციო დოკუმენტებს განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს საორგანიზაციო საკითხები გააცნო. ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ინიცირებულია პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლების შესახებ“ ადგილობრივი თვითმმარველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ზაზა გაბუნიამ ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„საკითხი ეხება ადგილობრივი თვითმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, ე.წ. უტრეხტის ოქმს, რომელიც არის 2009 წელს მიღებული და რომელიც აქცენტს აკეთებს მოქალაქეების მონაწილეობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
ეს არის ოქმი, რომელსაც შეუერთდა მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოებისა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მოახდინოს რატიფიცირება ამ ოქმის, მით უმეტეს იმ დაანონსებული რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით, სადაც სწორედ ეს საკითხი, ეს რეფორმა, კონცეპტუალურად, ერთ-ერთი სვეტის სახით ეყრდნობა მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს აქტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც მმართველობითი სისტემა“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ბიუროს შემდეგი სხდომა პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 16 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.