ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების თანამშრომლებმა შენობებზე, სკვერებსა და ბოძებზე გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მაჟორიტარ გოგი მეშველიანთან ერთად ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაკრული სააგიტაციო მასალების ჩამოხსნაში მიიღო მონაწილეობა.
დასუფთავების აქციის მთავარი მესიჯია მუნიციპალიტეტებმა საკუთარ საზღვრებში გარემოს დასუფთავებაზე იზრუნონ. დასუფთავების ასეთი მასშტაბური აქციები პერმანენტულად კვლავ გაგრძელდება.
დავით შერაზადიშვილი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
,,ამ აქციის მიზანია დავიცვათ სისუფთავე ჩვენს მუნიციპალიტეტში და გავასუფთაოთ ტერიტორიები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალებისგან. დასუფთავების აქციაში პარტიის აქტივის გარდა ჩართულნი არიან მუნიციპალტეტის თანამშრომლები და უახლოეს დღეებში მთლიანად გაიწმინდება ბოლნისი ამ მასალებისგან.ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა“.
გოგი მეშველიანი- ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი:
,,როგორც მოგეხსენებათ, ყველა საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა და დღეს ჩვენი პარტიის აქტივთან ერთად შევუდექით აღნიშნული მასალების ჩამოხსნას. მოგესხენებათ, საკმაო რაოდენობის მასალები იქნა ჩვენს მიერ გამოყენებული საარჩევნო პერიოდში. ცხადია ჩვენ დღეს ყველა მასალის ჩამოხსნას ვერ მოვახერხებთ, თუმცა ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ სრულად არ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს მიერ გაკრული მასალის ჩამოხსნა“.