ბოლნისში მდგრადი ენერგეტიკის დღე გაიმართა

ბოლნისი მდგრადი ენერგეტიკის დღეს სლოგანით „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ შეუერთდა
28 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის ენერგეტიკის კვირეულს შეუერთდა და მდგრადი ენერგეტიკის დღე „დაზოგე ენერგია და დააზღვიე შენი ჯანმრთელობა“ აღნიშნა.
ღონისძიება „მერების შეთანხმება აღმოსავლეთით“ ფარგლებში, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.
დღის განმავლობაში საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული აქტივობები ჩატარდა.
ძველი გერმანული უბნიდან სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სქესის ადამიანებმა ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტით სარგებლობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისთვის ველოსიპედებით ქალაქის მთავარ შესასვლელამდე და კვლავ ისტორიულ უბნამდე ველოტური მოაწყეს.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ერთად შეუერთდა.
აქტივობები ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გაგრძელდა. იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეებმა ბოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით დამზადებული ჯეჯილის კოქტეილის პრეზენტაცია გამართეს. მოსწავლეებმა მოსახლეობას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ბიოგაზისა და ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ.
ასევე მოეწყო ქვიზი ენერგოეფექტურობის თემაზე, გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მდგრადი ენერგეტიკის დღე ბოლნისში თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა.

Visited 108 times, 1 visit(s) today