ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის „თავისუფალი, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მიმდინარეობაზე მინისტრობის კანდიდატებისგან მოხსენებები მოისმინეს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით სამთავრობო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ.
„საქართველოს მთავრობამ გააკეთა აბსოლუტურად სწორი, პრაგმატული და რაციონალური არჩევანი, როდესაც გადაწყვიტა, რომ მიზნობრივი ჯანდაცვა გადაერთო საყოველთაო ჯანდაცვაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს. გაიზარდა 2.5%-ით და გახდა 2.5%! ადვილი წარმოსადგენია საწყისი დონე 2012 წელს სად იყო. გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მოგვცა მთლიანად ჯანდაცვის სერვისების მოხმარება ჯერ კიდევ 2015 წლისთვის გაორმაგდა და ორჯერ მეტი ადამიანი იღებს გეგმიურ ამბულატორიას და მოიხმარს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მინისტრობის კანდიდატმა სისტემაში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ პრობლემად მედიკამენტების ფასები და მათი შეძენისთვის დახარჯული თანხები დაასახელა. მისივე განცხადებით, სამინისტრო და მთლიანად, მთავრობა მუშაობს ისეთი პროგრამების შედგენაზე, რომლებიც საპენსიო ასაკისა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ფინანსურ ტვირთს, მინიმუმ, გაუნახევრებს.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ცალკეულმა კომიტეტებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.