ბორჯომში №1 საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში №1 საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოების მიხედვით, მოეწყო ახალი ღობე, დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა სადრენაჟე მილები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, მოეწყო ასევე ღამის სანათები.
არსებულ სკოლაში 2 წლის წინ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფინანსური თანადგომით, სრულად გარემონტდა შიდა სპორტული დარბაზიც.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლები მუნიციპალიტეტს არ ექვემდებარება, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს აქტიურად ჩაერთოს სკოლების რეაბილიტაციის პროექტებში.
„მუნიციპალიტეტი მოხარულია, რომ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს სასწავლო გარემოს გაუჯობესების საქმეში. ტენდერი დასრულებულია და სულ ცოტა ხანში სამუშაოები დაიწყება ასევე დაბა ახალდაბის სკოლაში, სადაც მთლიანად გამოიცვლება ელ-გაყვანილობის სისტემები. ადგილობრივი თვითმმართველობა სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“- განაცხადა გამგებელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, გარემონტდა პირველი და მეექვსე სკოლის სპორტული დარბაზები, გარე სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა №4 საჯარო სკოლაში, ახალდაბის სკოლაში კი კეთილმოეწყო ინგლისური ენის კაბინეტი.

Visited 317 times, 1 visit(s) today