ბრიტანეთის სავაჭრო მისია საქართველოში ინვესტიციების შესაძლებლობებს სწავლობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბრიტანეთის სავაჭრო მისიის წარმომადგენლებს და ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დესპანს მარკ პრიტჩარდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია.
მაია ცქიტიშვილმა დელეგაციის წევრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესების, ისე მყარი ნარჩენების მართვის კუთხით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალების განვითარების მნიშვნელობას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენების თვალსაზრისით.
ქართულმა მხარემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელზეც მიმდინარე წელს სამშენებლო ტენდერების გამოცხადება იგეგმება.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.
დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ გაეცნობიან საქართველოში ბრიტანული ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მისიის წარმომადგენლები ხელისუფლებისა და ბიზნეს-წრეების, ასევე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
ბრიტანეთის სავაჭრო მისიის მიზანია ჩვენს ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს შესწავლა და ინვესტიციების შესაძლებლობების განხილვა, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების და ცოდნის გაზიარება.

Visited 149 times, 1 visit(s) today