ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ორშაბათის ტრადიციული თათბირი საკუთარ სამუშაო კაბინეტში გამართა. შეხვედრას გამგეობის სამსახურის უფროსების მოვალეობის შემსრულებლები ესწრებოდნენ. თათბირზე გამგებელმა სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარება მიმოიხილა და სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა. თათბირზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა 30 ნოემბერს გასამართი მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ გაამახვილა ყურადღება და ხელმძღვანელ პირებს მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. 30 ნოემბერს ჭიათურაში იმერეთის მხარის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, გუბერნატორის მოადგილეები, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დაესწრებიან. დღევანდელ თათბირს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამგებელმა რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა. ზურაბ კუპატაძე საგზაო დეპარტამენტის ადგილობრივ ხელმძღვანელსაც შეხვდა და საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება და სამომავლო საკითხები განიხილა.