ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა გათვალისწინებული მთავრობის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციის საკითხი.
როგორც ამასთან დაკავშირებით prof-news-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სხდომის დღის წესრიგის საკითხები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის და დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 5 აპრილს გამოსცა და პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად გუშინ გადაუგზავნა. თავის მხრივ, პრემიერს კონტრასიგნაციისთვის გადაცემული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის მთავრობის სხდომაზე გასატანად და განსახილველად 10-დღიანი ვადა აქვს.
გიორგი მარგველაშვილის განკარგულების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნული განკარგულები კი ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა, რითაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისა და მასთან დაკავშირებული საარჩევნო რეგულაციების ამოქმედების გადავადება მოხდა.