ჰანს-დიტრიხ გენშერმა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მსოფლიო არენაზე მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
“გარდაიცვალა მსოფლიო დიპლომატიის პატრიარქი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი. მსოფლიო თანამეგობრობის ღრმა მწუხარებას საქართველოც უერთდება. გენშერი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი იყო, მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და მსოფლიო არენაზე მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. 1992 წელს, ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ყველაზე რთულ პერიოდში ის იყო პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს ეწვია. სწორედ მაშინ გაიხსნა თბილისში გერმანიის პირველი საელჩო. ეს იყო სიმბოლო საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორული ურთიერთობების დაწყებისა, რომელიც უფრო და უფრო მტკიცდება და ვითარდება. ეს იყო აგრეთვე მადლიერების გამოხატულება ედუარდ შევარდნაძის მიმართ გერმანიის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისათვის. ორი წლის წინ გენშერი უკანასკნელად ესტუმრა საქართველოს, რათა ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, თავის დიდ მეგობარს უკანასკნელ გზაზე დამშვიდობებოდა”, -განაცხადა ჯაფარიძემ.