გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს კოძიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობას, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა. თავის მხრივ, ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ნიკოს კოძიასს მის მიერ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის.
ნიკოს კოძიასმა საქართველოს პრეზიდენტს საბერძნეთის პრეზიდენტის გულთბილი მოკითხვა გადასცა და პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსის სახელით საბერძნეთის რესპუბლიკაში მიიწვია.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი.

Visited 149 times, 1 visit(s) today