გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებთან ერთად ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს, რომელზეც ევროპარლამენტმა საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უყარა კენჭი და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დიპლომატებს მიმართა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს, ვინც იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევის ნაწილი და ასევე, დიდი მადლობა ელჩებს იმ არაჩვეულებრივი საქმისთვის, რაც საქართველოში გააკეთეს.
მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მეგობარ ერებს, მინდა მადლობა გადავუხადო ასევე, დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო როგორც ძველი, ასევე ახალი პარლამენტის წევრებს, რადგან ისინი ღირსეულად ემსახურებოდნენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დააკისრა, რათა შეერთებოდა საქართველო ევროპას. ასე რომ, დიდი მადლობა ყველას და გილოცავთ!“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.