გიორგი სახოკიამ, გურიის რეგიონში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ რეგიონული განითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან და საქართველოში ევროკავშირის ოფისის პროექტების განყოფილების უფროსთან სიგრიდ ბრეტელთან ერთად გურიის რეგიონში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბახვში, ჩაის საწარმოსთან მისასვლელი გზის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი – ორპირას კალაპოტის ერთი ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა. სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს ის ლოკაციებიც, რომელთა კეთილმოწყობაზეც, შესაძლოა, მუნიციპალიტეტებმა გააკეთონ საკონკურსო განაცხადი. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (EU4 Integrated Territorial Development Programme) მიზანია წინასწარ შერჩეულ საპილოტე რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებასთან ერთად (54 მილიონი ევრო) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მლნ ევროთი ფინანსდება, მოიაზრებს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ერთმანეთთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებით. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და მისი ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ამაღლებას, სიღარიბის შემცირებას და სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობების ეტაპობრივ აღმოფხვრას.

Visited 84 times, 1 visit(s) today