გიორგი ტყემალაძე ჩინეთის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ჩინეთის, გუანჯოუს მუნიციპალური სახალხო კონგრესის გენერალური მდივნის მოადგილეს სიოენცინგ ქულინგს და კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი ლევან დარახველიძე. გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ხშირი კომუნიკაცია და მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს საქმიან ურთიერთობას და თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ჩინეთის, გუანჯოუს მუნიციპალიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა საკრებულოს თავმჯდომარეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისი რეგიონის ეკონომიკური ცენტრია. მან საკრებულოს წევრები გუანჯოუში დაპატიჟა.
ჩინელი სტუმრები საქართველოში და კონკრეტულად თბილისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მუშაობით დაინტერესდნენ. გიორგი ტყემალაძემ დელეგაციის წევრებს თბილისის საკრებულოს ფუნქციების და უფლებამოსილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია და თბილისის მერიასთან ერთობლივი მუშაობის შესახებ ისაუბრა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თვითმმართველობის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მთავარი მიზანი დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.
გუანჯოუს დელეგაციის წევრები თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსების რეგულაციებით დაინტერესდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ტაქსების რეგულაციაზე მუშაობს და 1 ოქტომბრიდან თბილისში არსებული ტაქსების ლიცენზირება იწყება. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სოციალურ პროგრამებზე, საყოველთაო დაზღვევის სისტემაზე, ეკონომიკურ პროექტებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები მომავალი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Visited 147 times, 1 visit(s) today