გიორგი ქობულიამ ახალციხეში ყველის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი ქობულიამ ახალციხეში ყველის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ ეწვია და საწარმოო პროცესს გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“ 64 მეპაიეს აერთიანებს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა ჯამში 500 ფურზე მეტს შეადგენს. კოოპერატივი ჩართულია „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ საკუთარ საწარმოში აწარმოონ რძის პროდუქტები. შემოსავალი კი უკვე რძის პროდუქტების რეალიზაციიდან მიიღონ. მინისტრი კოოპერაციულ საწარმოში გაეცნო რძის მიმღებ-გადამამუშავებლისა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიის მუშაობას. გარდა ამისა, საწარმო განთავსებულია სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამის შენობაში, რომლის ფართობიც 300 კვადრატული მეტრია. „ხიზამ“ სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ასევე მიიღო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 3 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ წარმოებული სულგუნი, იმერული ყველი და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომლის ბრენდინგი USAID/REAP-ის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, გაყიდვაშია თბილისის სუპერმარკეტებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კოოპერატივ „ხიზას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძესთან ერთად ეწვია. დამატებითი ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1142 ჰა სათიბ-საძოვარი ასპინძის მუნიციპალიტეტში 25 წლიანი იჯარის უფლებით გადაეცა. კოოპერატივს საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

Visited 509 times, 1 visit(s) today