გოჩა ენუქიძე და არჩილ ჯაფარიძე ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი 26 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი- გოჩა ენუქიძე და სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში -არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი 26 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში ხორციელდება არსებული გზის გაფართოება, სანიაღვრე არხებისა და ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. მშენებლობას, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი აქტივების მართვის პროექტის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

„აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალო-ნიკორწმინდის ზონის განვითარებისა და მკვიდრი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების შემდგომ ოთხი თემის მაცხოვრებლები მუნიციპალურ ცენტრთან დაკავშირებას შეუფერხებლად შეძლებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ზონა აერთიანებს მდინარე შარეულას უნიკალურ ხეობას და მის შემოგარენს, სადაც, გამარტივებული კომუნიკაციის პირობებში, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივები იქმნება“ – აღნიშნავს არჩილ ჯაფარიძე.

ჭრებალო-ნიკორწმინდის მიმართულებით მსგავსი მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა პირველად ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდგომ, კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით მუნიციპალურ ცენტრს უშუალოდ დაუკავშირდება ნიკორწმინდის, ნამანევის, ღადიშისა და ჭრებალოს თემის 8 სოფელი.
სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 18 494 000 ლარს შეადგენს, 2018 წელს დაიწყო და 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

Visited 547 times, 1 visit(s) today