საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ავსტრიის რეპუბლიკაში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, მსოფლიოში არსებული მიგრაციული პრობლემებისადმი მიძღვნილ მიგრაციის კონფერენციასა და მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო. გრიგოლ გიორგაძე კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა და მსოფლიო მიგრაციული კრიზისის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოთა ურთერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე 2016 წლის ნიუ-იორკის დეკლარაციით ლტოლვილთა კრიზისის გადასაჭრელად დასახული მიზნების შესრულებისთვის და არსებულ ლტოლვილთა კრიზისს უწოდა ტესტი სახელმწიფოთა დემოკრატიული ღირებულებებისთვის, როგორებიცაა ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და სამართლიანობა. მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და დამსწრე საზოგადოებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო, მათ შორის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული თავშესაფრის სისტემის ფუნქციონირების ახალი მოდელი. კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და აკადემია. კონფერენციას უძღვებოდა მიხაელ შპინდელეგერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის (ICMPD) გენერალური დირექტორი; კონფერენცია გახსნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის პაულ კოლიერის მოხსენებამ თანამედროვე მიგრაციული პროცესების შესახებ. კონფერენციაზე მომხსენებლებს შორის იყვნენ სხვა მაღალი დონის სტუმრებიც: იოჰანეს ჰანი – ევროკომისიის კომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების პოლიტიკაში; ლამბერტო ზაინერი – ეუთოს გენერალური დირექტორი; ნიკოლა პოპოსკი – მაკედონიის პრემიერ მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი; სებასტიანი კურცი – ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი; ვოლფგანგ სობოტკა – ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი; ჯორჯ ველა – მალტის საგარეო საქმეთა მინისტრი; ლაურა ტომპსონი – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალური დირექტორის მოადგილე; დემეტრიოს პაპადემეტრიუ – მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი ემერიტუსი და საპატიო წევრი; ლეონელო გაბრიცი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის მიგრაციისა და ადამიანთა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. კონფერენცია გაიმართა 10-11 ნოემბერს ვენაში, ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ავსტრიის ჰოფბურგის სასახლეში.