გუდაურში დღეს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული 8 პირი ამ დრომდე თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. პაციენტები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ მოინახულა და ინფორმაციას პირადად ექიმებისგან გაეცნო. სტაბილურია შვედეთის მოქალაქის, 15 კვირის ორსული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა, 24 საათის განმავლობაში ექიმთა ზედამხედველობის ქვეშ დარჩება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდეგ კი, ბინაზე გაეწერება. 7 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 3 მათგანი ბინაზე დღის ბოლომდე გაეწერება, 3 – დამატებითი კვლევებისა და მკურნალობისათვის, სტაციონარში დარჩება. პოსტოპერაციული მკურნალობა უტარდება უკრაინის მოქალაქეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. გუდაურიდან დაშავებულების ტრანსპორტირება ვერტმფრენითა და რეანომობილებით მოხდა. შემთხვევის ადგილზე მოთხილამურე პატრული და სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი მუშაობდა, რომლებმაც პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ დაშავებულები გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის უკრაინის, შვედეთისა და რუსეთის მოქალაქეები არიან.