გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მეფუტკრეებთან და თხილის საწარმოების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე ფერმერებმა და თხილის დარგის წარმომადგენლებმა, იმ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით გეგმავს დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. მავნებლთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია აუდიტორიას ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო.
დასავლეთ საქართველოში, ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ტყისპირა ზოლებში, ფაროსანას იდენტიფიკაციისა და ზუსტი არეალის დადგენის მიზნით, სპეციალური დამჭერი ხაფანგები მონტაჟდება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიგეგემება.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ლაშა ჭელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები გიორგი იაკობაშვილი, ზურაბ ლიპარტია და მონიტორინგის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, ის ტერიტორიები, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება მხოლოდ საღამოს საათებში, როცა ფუტკარი დაბინავებულია. იმ სოფლებში, სადაც დიდი რაოდენობითაა ფუტკრის ოჯახები, შეიქმნება ბუფერული ზონები და დამონტაჟდება ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება ფერმერებს 24 საათით ადრე გაეგზავნებათ. ასევე, შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუტკრის ადგილმდებარეობის სპეციალური აღმნიშვნელი განთავსდება.
ფერმერებს ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge-ზე და მოკლე ტექსტური გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.