გურიაში, მცენარეთა მავნებელთა ბრძოლის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უახლოეს დღეებში დაიწყება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი დღეს გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს დღეებში თხილის პლანტაციებში ქიმიური წამლობა განხორციელდება და მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდათ. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა. მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში კი ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. მავნებელი აზიანებს თხილსა და 100-ზე მეტი სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

Visited 200 times, 1 visit(s) today