ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) ახორციელებს პროექტს“ მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში.” პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მისი მიზანია საქართველოში ხარისხიანი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების მოცულობისა და ღირებულების ზრდა, საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში 130-მა მეფუტკრემ, მათ შორის გურიის რეგიონში მცხოვრებმა 35-მა მეფუტკრემ გაიარა თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე), მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების მიერ შედგენილი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს მიხედვით,რეგიონში მოღვაწე მოწინავე მეფუტკრეების საწარმოებში.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ადგილობრივ მეფუტკრეებს ეწვია და მათ წარმატებები უსურვა პროექტის განხორციელებასა და პროფესიულ საქმიანობაში. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი.
პროექტის შემდეგ ეტაპზე იგეგმება სასწავლო კურსის მოწყობა რაჭაში, ამბროლაურში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში. გარდა ამისა, ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კურსის მსმენელებს.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ მათ მიერ მოთხოვნილი ინვენტარი, რასაც მეფუტკრეები გამოიყენებენ ფუტკრის პროდუქტების წარმოების პროცესში. აღნიშნული ხელს შეუწყობს ხარისხიანი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების მოცულობისა და ღირებულების ზრდას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთ რეგიონში: გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, მცხეთა – მთიანეთსა და კახეთში.