დაბა ასპინძაში კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ასპინძაში კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნა. განახლებული პარკის კეთილმოწყობილი სივრცე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა და ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში პარკის შიდა სივრცეში სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა გაიმართა, მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა და მოსწავლე-ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა. ახლად რეაბილიტირებული, სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა განახლებული ინფრასტრუქტურით და დასვენების ადგილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მუნიციპალიტეტის და რეგიონის ტურისტული განვითარების კუთხით. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ადმინისტრაციული შენობა, სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, ხელოვნურ საფარიანი მინისტადიონი, ჭადრაკის მოედანი, მათ შორის, განთავსდა სავარჯიშო სივრცე, სადაც დამონტაჟდა ტრენაჟორები; გაკეთდა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო საფეხმავლო, სარბენი და ველობილიკები, გაკეთდა შადრევანი, დამონტაჟდა განათების ქსელი. განთავსდა სკამები და სანაგვე ურნები, პარკში განახლდა მწვანე საფარი, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ალმე’’ შეასრულა. პროექტი გარდამავალი იყო, 2 მილიონ ლარამდე დაჯდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მხარის ადმინისტრაციისა და ასპინძის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივები.

Visited 64 times, 1 visit(s) today