დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან.
შეხვედრისას განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის უკანონო ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო ართულებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას. ამ ფონზე შეშფოთება გამოითქვა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ფარგლებში შეხვედრების ჩვეულ რეჟიმში, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით გამართვას და ძირს უთხრის მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვან ფორმატს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენებისა და დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯიჰან სულთანოღლუს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-სა და მისი სააგენტოების ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

Visited 102 times, 1 visit(s) today