საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და რეგიონული მიმართულების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ბათუმსა და ჩაქვში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
დავით სერგეენკო ბათუმში, ე.წ „ბენზეს ჩასახლებაში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქეთევან ხურციძეს ეწვია და მისი საცხოვრებელი პირობები მოინახულა. „ბენზეს ჩასახლებაში“ 640 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ბინები 2013 წლის შემდეგ დაუკანონდათ. დაბა ჩაქვში მცხოვრებ 95 დევნილ ოჯახს კი, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 2017 წელს გადაეცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების სამშენებლო სამუშაოებსაც გაეცნო.
სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს 2018 წლის ბოლომდე გადაეცემა.