დავით უსუფაშვილმა ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტი ჯული მინოვეს-ტრიქველი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებზე, თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“დღეს მე მაქვს საშუალება ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტს, ბატონ ჯუდი ტრექველს და მის თანმხმლებ პირებს ვუმასპინძლო. საქართველოში ლიბერალ ინტერნაციოანალის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ტარდება. ჩამოსულია ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის. პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება პოსტ-საბჭოურ სივრცეში. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენს თანამშრომლობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიების საერთაშორისო თანამშრომბაზე. მე მადლობა მოვახსენე კოლეგებს ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი განვითარების და იმედი გამოვთქვი, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავის მხრივ, როგორც ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მთავრობამ და “რესპუბლიკურმა პარტიამ“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.

“ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა. ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავდი იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს “რესპუბლიკური პარტიისა“ და საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება – კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან დაახლოებას. განსაკუთრებით, იმ იდეას, რომ თქვენ შეძლებთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, რაც გვიჩვენებს, რომ საქართველო პატივსაცემი და დაფასებული ქვეყანაა. ეს არ ეხება მხოლოდ პასპორტის საკითხს, ეს არის თანასწორობა სხვა ქვეყნებთან. ვფიქრობ, რომ ეს არის ხელისუფლების და საქართველოს “რესპუბლიკური პარტიის“ ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზეც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. ის ფაქტიც, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობაა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. ეს გვაჩვენებს საქართველოს დემოკრატიულ ფესვებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს “რესპუბლიკურ პარტიას“ და აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართულ დემოკრატიას ჩვენს პარტნიორ “საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად“, – განაცხადა ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტმა, ჯული მინოვეს-ტრიქველმა.

Visited 189 times, 1 visit(s) today