დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში მუნიციპალიტეტის გამგეობის, კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა, არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და გუნდური მუშაობისკენ მოუწოდა. დავით შერაზადიშვილმა გასული ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმოიხილა. ახლადარჩეულმა გამგებელმა აგრეთვე ისაუბრა სოფლის განვითარების პროგრამებზე და ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილა, რომელიც მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
,,ბოლო 2 წლის განმავლობაში დავიწყეთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება , როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ასევე ცენტრალური ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხებით. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის 46 სოფელსა და 2 დაბაში მოხერხდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ძირითადად პროექტები სასმელი წყლის სისტემების, სოფლის შიდა გზების, რიტუალების სახლების, სასაფლაოების შემოღობვის, სარწყავი სისტემებისა და სკვერების კეთილმოწყობის კუთხით განხორციელდა. ამ პროექტის განხორციელებაში უმთავრესი გახლდათ ის, რომ მოსახლეობამ სოფლის კრებების მეშვეობით, თავად განსაზღვრა ის პრიორიტეტები , რომლებიც კონკრეტულად სოფლებში დგას. სამუშაოებზე ძირითადად ადგილობრივი მუშა ხელი დავასაქმეთ“,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
დავით შერაზადიშვილმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ბოლნისი მუშაობის კუთხით, საქართველოში წამყვანი მუნიციპალიტეტია და მომდევნო წლის განმავლობაშიც ტემპი უნდა შენარჩუნდეს და ბოლნისი უნდა დარჩეს მოწინავე მუნიციპალიტეტად.
,,ჩვენი მუშაობა არის ღია და გამჭვირვალე. მზად ვართ თქვენგან მივიღოთ და განვიხილოთ ყველა საინტერესო ინიციატივა.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის“,- ამ სიტყვებით დაასრულა თანამშრომლებთან შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.