ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ბიუროს თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
“განავითარე შენი რეგიონი“,-ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც სტუდენტური პარლამენტი და “საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და მათ შორის ბოლნისში განახორციელებს.
სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროგრამულმა მენეჯერმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს აღნიშნული პროექტი დეტალურად გააცნო და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
როგორც გიგა გლუნჩაძემ შეხვედრაზე განაცხადა, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას, მრავალფეროვანი ახალგაზრდული აქტივობებით ლიდერებში სოციალური უნარების განვითარებას. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ახალ ინიციატივას გააჩნია განვითარების უდიდესი პოტენციალი და მისი მეშვეობით შესაძლებელია ახალგაზრდა თაობის მასიური ჩართვა სახელმწიფო განვითარების პროცესში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების არსებობა ახალგაზრდების გააქტიურების კუთხით და მზადყოფნა გამოთქვა მხარდაჭერა აღმოუჩინოს პროექტს მიმდინარეობის პროცესში.
გიგა გლუნჩაძე- სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების პროგრამული მენეჯერი
ჩვენი ორგანიზაცია არის უზარმაზარი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მთელი საქართველოს მასშტაბით. უახლესი პროგრამაა ,, საქართველოს სტუდენტური პარლამენტი“, რომელიც საქართველოს პარლამენტის აქტიური მხარდაჭერით შეიქმნა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საგაზაფხულო სეზონი დავიწყეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებით, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, სამხარეო თუ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან მჭიდრო კოორდინაცია იმ შედეგებზე გაგვიყვანს, რაც თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლნისში იყო ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა, რაც აქამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაგვიტარებია, იმიტომ, რომ გარდა მზადყოფნისა და გულთბილი დახვედრისა მუნიციპალიტეტის მხრიდან, აქ უკვე რეალურად არსებობს ის პრიორიტეტები განსაზღვრული და თვითონ ბოლნისს გააჩნია განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა, სადაც ახალგაზრდების გამოჩენა და მათი ჩართვა სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს დადებს.