დავიწყეთ აქტიური შეხვედრები რეგიონებში კულტურის აიპ-ების ხელმძღვანელებთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გასვლითი სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის ტექნოლოგიურ პარკში გამართა. სხდომას დეპუტატებთან ერთად კასპის, გორის, ქარელის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომიტეტის სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერალ გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას. სხდომაზე კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა, ზოგადად, კულტურის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და მისი პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე. დეპუტატებმა მოისმინეს რეგიონში კულტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები და იმსჯელეს არა მარტო მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, არამედ ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე კულტურის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებში. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა შემოქმედებით კულტურულ ტურიზმსა და მის განვითარებაზე, ზოგადად, რეგიონის განვითარების გეგმაზე, გიდების გადამზადების პროგრამასა და კულტურის მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე.

„სხდომაზე ვისაუბრეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ; განვიხილეთ, კულტურის რომელი მიმართულებები არის უფრო მეტად პრიორიტეტული; ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტად ეფექტიანი და შედეგიანი მათი სამომავლო გეგმების განხორციელებისას“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სხდომის დასასრულს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, კომიტეტი გასვლითი სხდომების გამართვას სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

„დავიწყეთ აქტიური შეხვედრები რეგიონებში კულტურის აიპ-ების ხელმძღვანელებთან, რათა მოვახდინოთ მონიტორინგი იმ გამოწვევების, რაც პანდემიით მიყენებული ზიანის ფონზე არსებობს, ინფრასტრუქტურის ნაწილში რა პრობლემები გვაქვს და რა არის უახლოეს პერიოდში აუცილებლად გადასაჭრელი. ასეთი ტიპის შეხვედრები არის ძალიან ეფექტიანი, ამიტომ შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გავმართავთ. ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად მოვახერხებთ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დღესვე კომიტეტის წევრებმა საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში მდებარეობს.

Visited 55 times, 1 visit(s) today